“მწვანე მუშტის” მანიფესტი

1781835_209862145886856_2039272398_o

  • შესავალი

მიუხედავად სხვადასხვა საზოგადოებრივი ფორმირებისა, ადამიანი ყოველთვის დამოკიდებული იქნება წარმოების სისტემაზე; თუმცა, რაციონალური და გეგმაზომიერი განვითარებისათვის  აუცილებლობას წარმოადგენს ორგანიზებული შრომითი პროცესი, რომელსაც ადამიანისთვის არამარტო მატერიალური სარგებელი მოაქვს, არამედ მორალური და კულტურული განვითარების საფუძველს ქმნის; სწორედ თანასწორ და ჯანსაღ სოციალურ სივრცეში იქმნება ის კაპიტალი, რომელზეც ცივილიზებული და ძლიერი საზოგადოება დგას.

ცივილიზებული საზოგადოების უმთავრეს საფუძველს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების პრინციპი – უფლება, შეძლოს საკუთარი იდეალების რეალიზება, ამ იდეალების განმსაზღვრელი გარემოს შემეცნების გზით; გარანტი კი საზოგადოებაში სოციალური თანასწორობით გამოხატული მორალური და საყოველთაო კონსესუსი უნდა იყოს. ისტორიული პროცესების შედეგად, კაცობრიობამ დიდი ბრძოლისა და სისხლისღვრების ხარჯზე აიძულა სახელმწიფო მანქანა, ეღიარებინა ეს მოთხოვნები ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციის სახით, რომლის პრინციპებზეც დაფუძნებულია ცივილიზებული ქვეყნებისა და მათ შორის, საქართველოს, კონსტიტუციები.

იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანის გამოხატვისა და იდეალების ისე რეალიზების უფლება, რომ არ დაირღვეს სხვა ადამიანის უფლებები, გასათვალისწინებელია ბუნებრივი რესურსი, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი წყარო, რომლის როლი პირდაპირ კავშირშია ადამიანის სოციალური ყოფასთან, ამიტომ მიუხედავად მმართველობის ფორმისა, საჭიროა განვითარების სტრატეგიის მდგრადი განვითარების მეცნიერულ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავება. ეს გულისხმობს ბუნებრივი რესურსების ათვისების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სოციალური, ეკოლოგიური, კულტურული, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების ინტეგრირების შედეგად მიღებას.

საქართველოს ახალგაზრდა საზოგადოება, რომელმაც დაკარგა განვითარების რამდენიმე საუკუნე და შუა საუკუნეებიდან ერთი ნახტომით აღმოჩნდა თანამედროვე სამყაროში, იწყებს თავიდან აღმოცენებას, დგას ყოფნა-არყოფნის გზაგასაყარზე. იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს თანამედროვეობისათვის საჭირო ადაპტაციური მახასიათებლების გამომუშავება და განვითარდეს, აუცილებელია გააცნობიეროს თავისი მომავლისათვის მეცნიერული გზის არჩევანის აუცილებლობა და მცირე, მაგრამ არსებული სწავლული საზოგადოება, გამოიყენოს მომავალი კულტურული და ცივილიზებული განვითარების დასაყრდენად.

სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება. დღეს, ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი მმართველი და არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალების, მეცნიერებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება უფსკრულისაკენ მიგვაქანებს. ეს გამოიხატება სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მიერ დაუნდობელი კაპიტალისტური კერძო ინტერესების რეალიზებით. სახელმწიფოს  ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროს პოლიტიკა მიმართულია კაბალური, აგრესიული პრივატიზაციისა და სახელმწიფო-მესაკუთრის კორუფციულ გარიგებებზე. მეორე საფეხურზეა გადასული, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ასევე შრომითი, გარემოსა და ძეგლთა დაცვის საკითხები. სისტემა გაუმართავია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გაუაზრებელი მშენებლობა თუ წარმოებითი ქმედება საფრთხის შემცველია ადამიანის, მისი სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, ბუნებისა და კულტურული ძეგლებისათვის.

 

თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შეფასება: 

 

ეკონომიკური პოლიტიკა:  დღეს საქართველოში  „პროგრესის“ სახელით მიმდინარეობს 40 ჰესის მშენებლობა და დამატებით 100-მდე ახალი ჰესის მშენებლობა იგეგმება. ქარხნების უმეტესობა აბინძურებს გარემოს, დაუგეგმავ მშენებლობებს ეწირება რეკრეაციული ზონები. შედეგად, ამ ყველაფერს ყოველწლიურად ეწირება დაბინძურებისაგან დაავადებულ მომუშავეთა თუ მოსახლეთა სიცოცხლე, ქალაქები მარაგდება დაბინძურებული პროდუქტით. დაპირებული სარგებლის ნაცვლად სოციალური და ეკონომიკური მდგომარება ამ არამიზნობრივი ხარჯვისა და მშენებლობების ფონზე მაინც უარესდება, იზრდება უმუშევართა და უსახლკაროთა რაოდენობა. ამ პოლიტიკის გამომხატველი ნათელი მაგალითებია: ხევის ჰესების კომპლექსი, რომელის დაუგეგმავად განხორციელების გამო დაზარალდა, როგორც გარემო, ასევე თავად ინვესტორი, აჭარის ჰესების კომპლექსი, სადაც მკაცრად ირღვევა, როგორც გარემოს დაცვითი კანონმდებლობა, ისე მოსახლეობის საკუთრების უფლება,სვანეთის ჰესების კომპლექსი, დამეწყრილი ბახვიჰესი(გურია), დაუმთავრებელიფარავანჰესიტყიბულის დაუმთავრებელი თბოსადგური, ქალაქებში რეკრეაციული ზონების განადგურება სასტუმროების ხარჯზე, კომპანია “Tiflis development”-ისა დაშ.პ.ს. „კოლორიტის“ (M group) მაგალითზე, კომპანია BD Property-ის  მიერ მშენებარე 24 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი რომელსაც შეეწირა საბურთალოს(ასათიანის) პარკი.  ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს შეეწირა თბილისის ბოტანიკური ბაღის დიდი ნაწილი, ”ჟოკეი კლუბის”გეგმებს კი – იპოდრომი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” მიერ დაანონსებული პროექტის პანორამა – თბილისის განხორციელების შემთხვევაში განადგურების საფრთხის წინაშე დგება თბილისის რეკრეაციული ზონა სოლოლაკის მაღლობზე და დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. აღსანიშნავია წავკისის ტყის პრობლემაც, “Transelectrica Georgia”-ს ხუდონჰესის პროექტი ზემო სვანეთში, სადაც ასევე საკუთრების უფლება მკაცრად დაირღვა, რომ არაფერი ვთქვათ გარემოსდაცვით კანონმდებლობაზე. გარდა ამისა, კომპანია “RMG GOLD”-ის საწარმოში ადამიანების ექსპლოატაცია, სავალალო მდგომარეობაშია მდინარე მაშავერა, სადაც პირდაპირ ჩაედინება საწარმოო ნარჩენები. მხოლოდ ერთი ჩაღვრის შედეგად, წელს 2 მილიონიანი ზარალი მიადგა ქვეყანას;  უკანონოდ აშენედა მადნის ახალი დასამუშავებელი და გასამდიდრებელი მოედნები (სოფელი დიდი დმანისი და სოფელი ბალიჭიმოხვედრილია უშუალო ზემოქმედების ქვეშ, მათი სავარგულები უკვე გამოუსადეგარია, აფეთქებების შედეგად იბზარება და ზიანდება სახლები), კომპანია ჩინეთის რკინიგზა23- ბიუროს” მიერ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში სადაც მძიმე ტექნიკის მუშაობასთან ერთად, აფეთქებებმა გამოიწვია 500-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

ქალაქ რუსთავში მოხდა რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ხაზის გასხვისება კომპანია“Intertrans”-ზე. შედეგად, სამსახური დაკარგა ათობით მძღოლმა, რომლებზეც გადანაწილებული იყო სამუშაო. კომპანია მათ სთავაზობს კაბალურ კონტრაქტებს რომლის მიხედვითაც, მოგება მიზერულია. ჭიათურაში კომპანია “Georgian Manganese” (რომელიც ახლახანს გადაეცა „Georgian American Alloys”), ხოლო ტყიბულში “Georgia Industrial Group” ახორციელებენ ადამიანების შრომითი უფლებების სასტიკი დარღვევას, ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას, მაღაროებში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ბინძურდება გარემო, მდინარე ყვირილაში ჩაედინება საწარმოო ნარჩენები, ავადდება მოსახლეობა. ირღვევა ქალთა უფლებები „კასპიცემენტის“ საწარმოში, რომელიც ასევე აბინძურებს დაბა კასპსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. საგარეჯოში ახლახანს რეანიმირებული პრობლემა კომპანია “კანარგო ჯორჯიას“ სახით, რომელიც რეგიონში ნავთობმომპოვებელ სამუშაოებს ეწევა. ჯერ კიდევ 2004 წელს მომხდარმა ავარიამ ნავთობის ამოფრქვევის შედეგად უდიდესი ზაიანი მიაყენა რეგიონს, როგორც გარემოს დაბინძურების მხრივ, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით. დღეს კომპანია აგრძელებს მუშაობას რასაც თან სდევს გარემოს დაბინძურება და, ადგილობრივების თქმით, ასევე, იქმნება წყლით მომარაგების პრობლემები.

ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოებში სამუშაო დღის საათები გაზრდილია, დაზღვევა და გასამრჯელო კი არაადეკვატური. მიუხედავად იმისა, რომ რიგი დარგობრივი პროფკავშირები შრომის უფლებებისთვის ბრძოლის ახალ ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებენ, პროფკავშირულ მოძრაობებს მაინც უჭირთ საბჭოთა სტერეოტიპებისგან სრულად გათავისუფლება და მუშათა ყველა ძირითადი ფენის საერთო მიზნით კონსოლიდაცია. მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოების გულგრილობა, სახელმწიფოსა და ინვესტორის შეთანხმებული მუშაობა და ელიტების მიერ დამკვიდრებული ე.წ. “ყვითელი პროფკავშირების” ჩამოყალიბების მანკიერი ტრადიცია. 

 

აგრარული პოლიტიკა: სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელისუფლებაში არსებული თითქმის ყველა პარტიის პლატფორმის პრიორიტეტებში შედიოდა, კატასტროფის ზღვარზეა მისული. ხორციელდება მიწების რადიკალურად სწრაფი პრივატიზაცია, საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული ტერიტორიების გასხვისება სხვადასხვა მაქინაციურ კომპანიებზე, გაუმართავია კანონმდებლობა, რომელიც საჭიროებს დახვეწას და სოფლის მოსახლეობის უფლების დაცვას. აღსანიშნავია ქარხნული დაბინძურებები, რომლებიც მომდინარეობს ჩამოთვლილი ქარხანა-საწარმოებიდან და არა მარტო. ამ მიწაზე მოყვანილი დაბინძურებული პროდუქტითა და საძოვრებზე გამოკვებილი შინაური ცხოველების  ნაწარმით მარაგდებიან რაიონული ცენტრები, რაც დაბინძურებისა და მოწამვლის არეალს ზრდის.

 

სოციალური პოლიტიკა:  გადაჭარბებული პირივატიზაციის შედეგად, საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაც სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, სრულად არის გასხვისებული სახელმწიფო და მუნიციპალურ საავადმყოფოთა ქსელი. ჯანდაცვის სისტემის მთავარი მოთამაშედ და ყველაზე გავლენიან აქტორად კერძო მონოპოლისტური ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ.

სამკურნალო დაწესებულებები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები თავმოყრილია რამოდენიმე ბანკისა თუ მსხვილი კომერციული დაწესებულების ხელში. მაგალითად, კომპანია “ავერსი” ფლობს წილებს სადაზღვევო ბიზნესში, მის საკუთრებაშია რამდენიმე საავადმყოფო, სააფთიაქო ქსელი და ფარმაცევტული ფაბრიკები. “საქართველოს ბანკი”ფლობს რამდენიმე დაწესებულების გაკოტრება-გამსხვილების შედეგად ჩამოყალიბებულ სადაზღვევო კომპანიას და ათზე მეტ საავადმყოფოს. პრობლემას ქმნის ისიც, რომ სადაზღვეო კომპანიების საკუთრებაშია 41 % მეტი საავდმყოფოს არსებობა; აქედან 80%-ზე მეტი ეკუთვნის სამ კომპანიას „ალდაგი ბისიაი“  „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, „ალფა“/„ავერსი“,  რაც წარმოქმნის  ინტერესთა კონფლიქტს და ხელს უწყობს მონოპოლიას. აღსანიაშნავია საეჭვო წაროშობის კომპანიები, რომელთა მფლობელების შესახებ, ფაქტობრივად, ინფორმაცია არ არსებობს. მაგალითად, კომპანია IHOPE,რომელიც  ცხრა საავადმყოფოს მესაკუთრეა და ა.შ.

მინიმუმამდეა დასული სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა ჰოსპიტალთა მართვის პროცესში. დიდი ნაწილი პერსონალისა, პრივატიზაციის შედეგად, სამსახურის გარეშე დარჩა. კერძო სექტორის მიერ შექმნილი ურთულესი პროცედურული ბარიერები და მათ მიერ გატარებული კომერციული მოგების მაქსიმალიზაციის პოლიტიკა აფერხებს პაციენტებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის ეფექტური ხელმისაწვდომობას და ამცირებს მის ხარისხს.

საყოველთაო უფასო დაზღვევის პაკეტი ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს რიგ ლეტალურ დაავადებათა მკურნალობას, რათა არ დაზარალდეს კერძო სექტორის ინტერესები.

სახელმწიფოში შექმნილი მძაფრი ეკონომიკური და სოციალური პირობების მიუხედავად, როდესაც უამრავი მცირეწლოვანი შიმშილის ზღვარზეა (გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემებით 50 000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და დღეში მხოლოდ 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, 250 000 ბავშვი კი დღეში მხოლოდ 4 ლარზე ნაკლებს მოიხმარს.), უსახლკაროდ და ბედის ანაბარად მიტოვებულია უამრავი მრავალშვილიანი ოჯახი, სოციალურად დაუცველია მრავალი მოხუცი, უნარშეზღუდული და ვეტერანი ადამიანი, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მშრომელი ადამიანების უდიდესი ნაწილი, წინა წლებში საბიუჯეტო თანხები მაღალი მაჩვენებლით არამიზნობრივად დაიხარჯა თანამდებობის პირების პრემიებში, სახელფასო დანამატებში, ძვირადღირებულ ვოიაჟებში, რესტორნებში, წვეულებებსა თუ გასართობ საღამოებში. მაგალითისთვის, საჯარო ინფორმაციის თანახმად, კულტურის სამინისტრომ 2013 წელს სარესტორნო მომსახურების შესყიდვში დახარჯა: 102 739 ლარი, ალკოჰოლური სასმელებში – 35 044ლარი, სამინისტროსთვის შესყიდულია ასევე 10 393 ლარის ღირებულების ყავა და ა.შ. ფინანსთა სამინისტრომ კი 2014 წლის 17 მარტს, რესტორან ფუნიკულიორშიგამართულ ვახშამზე 2 დღეში სარესტორნო და გასართობ ღონისძიებებში 19 050 ლარი დახარჯა. ეს ყოველივე კი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც, რა თქმა უნდა, შედგება თითოეული მოქალაქის ჯიბიდან გაღებული თანხისგან, მაშინ, როცა ქვეყანაში სოციალური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია: UNDP-ის(გაეროს განვითარების პროგრამა) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15.3% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

ამ ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია პრემიების, სახელფასო დანამატების თუ სხვა ხარჯების საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანის ფუფუნება. მოძრაობა „მწვანე მუშტი“ კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან, შეწყდეს საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ფლანგვა და უმთავრეს პრიორიტეტად დაისახოს ზემოთ ჩამოთვლილი სოციალური პრობლემების ეფექტური მოგვარება.

მიუხედავად მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შემუშავებული პრემიების გაცემის წესის დადგენისა, ჩვენ მოვითხოვთ ერთიანი კონცეფციის შექმნასა და სასწრაფოდ ამოქმედებას, რომელიც საბიუჯეტო უწყებათა წარმომადგენლების წახალისებისა და მომსახურეობის საკითხებს მკაცრად დაარეგულირებს. კონცეფცია უნდა მოიცავდეს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში თანამშრომელებზე პრემიების გაცემას და მომსახურეობის საჭიროების საკითხებს (ავტომობილები, მივლინება და ა.შ.) განსაზღვრავს. პრემიების გამცემის უფლებამოსილებას არ უნდა ითავსებდეს დაინტერესებული პირი ანუ ორგანოს ხელმძღვანელი. უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ საკითხის პარლამენტის კომპეტენციაში მოქცევა. უნდა შემცრიდეს მაღალი თანამდებობის პირების წახალისების პერიოდულობა, მათი ხელფასის ისედაც მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით. სახელმწიფოს პოლიტიკა ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

სახელმწიფოს, ინვესტორთა და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფთა ურთიერთმიმართებების პრობლემები:  სახიფათო დამოკიდებულებები გაჩნდა ინვესტორ კომპანიასა და საკონსულტაციო სექტორს შორის; ამ უკანასკნელის წარმომადგენლები  (კომპანიები, ორგანიზაციები, ცალკეული ექსპერტები), ინვესტორისგან  სამუშაო კონტრაქტებისა და ანაზღაურების მოპოვების იმედით, მიკერძოებულ დასკვნებს დებენ. ტექნიკური და ეკონომიკური მიმართულებით აღსანიშნავია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მამის, ბატონ ომარ ქუცნაშვილის, საკონსულტაციო კომპანია შ.პ.ს. „GeoEngineering“ და ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია (საქართველოს ენერგეტიკული პლატფორმა), პარტია ახალი მემარჯვენეების წევრის ბატონი ლევან კალანდაძის ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა” ,ძეგლთა დაცვის მიმართულებით მიმართულებით ე.წ. „კლუბი ტაძარი“, „საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია“, შ.პ.ს “არქეოლოგთა გაერთიანება”, გარემოს დაცვის თვალსაზრისითშ.პ.ს გამა კონსალტინგი“ CENN. არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებები, გარკვეულ შემთხვევებში, შეიცავენ კორუფციული გარიგების ნიშნებსაც.

 

 

 

*  *  *

 

თანამედროვე, იდეოლოგიურად გაწონასწორებული კვლევების მიხედვით, გრანდიოზული მასშტაბის მშენებლობებში უცხოური ინვესტიცია ვერ თამაშობს დადებით როლს, ვერ ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორის კერძო ინტერესს ემსახურება. ამ ფონზე, დღევანდელი მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ე.წ. „ნეიტრალური„ ეკონომისტების მცდელობა, დაარწმუნონ საზოგადოება საწინააღმდეგოში, წარუმატებლად მთავრდება.

დღეს, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა უმძიმეს სამუშაო პირობებში, არათანაბარ და უსამართლო სოციალურ რეალობაში იბრძვის გადარჩენისთვის, დამცირებისა და ჩაგვრის თმენაში. ამიტომ, ღირსეული და პრინციპული საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს ამ უსამართლობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ თანამოქალაქეებს აღმოვუჩინოთ თანადგომა. თანამედროვეობაში განვითარება წარმოუდგენელია ექსპლუატაციის ხარჯზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, ერთად ბრძოლითა და სოლიდარობით, უნდა მოხდეს ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს სამართლიან პირობებში მოახდინონ შრომის ისე ორგანიზება, რომ მათი საბაზისო ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული და საბოლოოდ ვუთხრათ მონობას არა!

 

 

1.    ნაციონალიზაცია

 

ჩვენ ადამიანის საყოველთა უფლებათა დეკლარაციის პრინციპებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ და აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი გამწევი ინდუსტრიული საწარმოების, სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ჰოსპიტალების და სხვა სოციალური და ჯანდაცვითი დაწესებულებათა ნაციონალიზაცია, რადგან  არსებული ეკონომიკური მოდელები ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოების საკუთრებაში არსებული რესურსების რაციონალურ, მდგრად გამოყენებას და ამ სიმდიდრის საზოგადოებაში სამართლიანად და თანაბრად გადანაწილებას. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საბოლოოდ მორალური და ცივილიზებული განვითარების გზა, სადაც ყველა ინდივიდს ექნება თანაბარი საშუალება მიიღოს მისი კუთვნილი წილი ან საყოველთაო დოვლათი ხელში ჩავუგდოთ ამორალური და არასამართლიანი კონკურენციის გზით გამდიდრებულ „ელიტებს“. ჩვენი მოძრაობა, ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, იაზრებს რა სწრაფი ნაციონალიზაციით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფრთხეს, მოითხოვს ნაციონალიზაციის გეგმაზომიერ და ეტაპობრივ განხორციელებას, ეკონომიკური განვითარების მთავარ ღირებულებად ადამიანის დაყენებით, რაც უნდა განხორციელდეს ამ სტრატეგიული ობიექტების დემოკრატიულ მართვაში, სახელმწიფოს მინიმალურ ჩართულობით, მთავარ მმართველ ძალას უნდა წარმოადგენდეს პერსონალი. დირექტორთა საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არჩევითობის პრინციპით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მომუშავეთა წარმომადგენლები და სახელმწიფოს შემოთავაზებული ექსპერტებიდან არჩეული ადამიანები.

ვინაიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწათა უდიდესი ნაწილი რიგითი ფერმერებისა თუ გლეხების მიერ არ კონტროლდება, მიწის რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს მხოლოდ რამდენიმე მესაკუთრე ფლობს და იყენებს; ამიტომ, მსგავის ცვლილებები უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, სასოფლო სამეურნეო სისტემა უნდა დაექვემდებაროს არა სახელმწიფოს, არამედ გლეხების მიერ დემოკარტიულ მმართველობას, თუმცა ამან არ უნდა მოხდინოს მცირე საკარმიდამო მეურნეობიების შეზღუდვა. ამ გზაზე აუცილებლად გასათვალისწიენებლია ქვეყნის აგრარურ სისტემაში ეთნოგრაფიული სოციალური ორგანიზაციის ფორმების გათვალისწინება, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო დღემდე ვერ იაზრებს. შემოთავაზებული ეკონომიკური მოდელის წარმატებისათვის აუცილებელია ეკონომიკის რეალურად მდგრადი განვითარების მეცნიერული პრინციპების რელსებზე დაყენება, სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოებსა და რესურსების მართვაზე ეტაპობრივად პრივატიზებისა და ლიცენზირების შეჩერება, გარემოსა და ძეგლთა დაცვის კანონმდებლობის გამკაცრება და ოპტიმიზაცია და რაც მთავარია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გარდა, შრომითი, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პოლიტიკის დემონოპოლიზაცია და დეპრივატიზება.

 

2.    სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

 

პირველ ნაბიჯად ამ გზაზე ევროპის სოციალური ქარტიისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  შრომითი სტანდარტების გათვალისწინებით მოვითხოვთ:

  • დამსაქმებლისგან დამოუკიდებელი შრომის ინსპექციისა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შექმნას.
  • სპეციალური მექანიზმების შექმნას, რათა მუშებმა მონაწილეობა მიიღონ სამუშაო პირობების, მუშაობის ორგანიზაციისა და სამუშაო გარემოს განსაზღვრისა და გაუმჯობესების პროცესში; ასევე, შრომით დაწესებულებაში სოციალური და სოციალ-ეკონომიკური სამსახურების ორგანიზებაში.
  • სახელმწიფოს მიერ რეგულირებული მინიმალური ხელფასის დაწესებასა, ხელფასებში განსხვავების შემცირების შემცირებას და მათ ოპტიმიზაციას, დასაქმებულთა აზრის გათვალისწინებით.
  • უმუშევართა სავალდებულო დაზღვევის შემოღებას.

გარდა ამისა, აუცილებელია:

  • კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების პირობების მკაფიოდ განსაზღვრა.
  • გაფიცვის უფლების რეგულაციათა ხელახალი ფორმირება, რომელიც მეტ საშუალებას მიანიჭებს დასაქმებულებს დაიცვან და მოიპოვონ საკუთარი უფლებები.
  • საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, სახელმწიფომ გაატაროს პოლიტიკური კურსი, რომელიც მიზნად დაისახავს: 1. უსახლკაროთა შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას; 2. უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
  • საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე შრომითი მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დასაცავად, შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების ფორმირება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში გლეხებისთვის სასოფლო სამეურნეო სავარგულების მკაცრი დაცვითი მექანიზმების, სახელმწიფო დაზღვევის და საგადასახადო შეღავათების დაწესება.

 

3.    განათლება

ამასთანავე, ჩვენ აზრით, რომ უმუშევრობისა და შრომითი დისკრიმინაციის მთავარი საფუძველი განათლების სისტემის გაუმართავი ფუნქციონირება გახლავთ. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: 

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა.
  • სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის ბაზური დაფინანსების შენარჩუნება.
  • უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირებისათვის (სრული პროფესორები) საერთაშორისო რეფერირების (საერთაშორისო საკონკურსო შერჩევის) სისტემის დაწესება.
  • რეფერირებული პროფესორებისათვის აკადემიური პოლიტიკის განსაზღვრის ბერკეტების გადაცემა.

 

 

4.    კომერციული ბანკების რეგულირება

 

საქართველოში საბაზრო მოთამაშეებს შორის ყველაზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში კომერციული ბანკები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში დოვლათის შემქმნელ დარგებს (კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ) არ აფინანსებენ და სანაცვლოდ ხელს უწყობენ მხოლოდ იმპორტული საქონლით ვაჭრობის წახალისებას. ამასთანავე, გამოირჩევიან საკუთარი მომხმარებების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიული და ავანტიურისტული მოქმედებებით. პარალელურად, კოლოსალური სუფთა მოგების მიუხედავად (2010-13 წლების განმავლობაში 846,4მლნ ლარი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მარჟა მსოფლიო ბანკის გათვლებით – დაახლოებით 24%), მიზერულ თანხას იხდიან ეროვნულ ხაზინაში (2010-13 წლების განმავლობაში 94,2 მლნ ლარი). 

ჩვენს სახელმწიფოში კომერციული ბანკები ფაქტობრივად გათავისუფლებულნი არიან სხვა ძირითადი გადასახადებისა და რეგულაციებისაგან. მათ არ ეკისრებათ არც დღგ-ს და არც ქონების, რეზერვებისა თუ დივიდენდების მოგების გადასახადის ანაზღაურება. საქართველოში დაუბეგრავია ფინანსური ოპერაციების წარმოებაც.

ბანკებისათვის შეუზღუდავია მოქმედებები არაპროფილურ დარგებში საქმიანობის დროსაც.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით:

 

  • საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძლოთ არაპროფილური ბიზნესის ფლობა.
  • კომერციული ბანკებისათვის დაწესდეს დამატებითი გადასახადები ფინანსურ ოპერაციებსა და დივდენდების მოგებაზე.
  • სახელმწიფოს მიერ დარეგულირდეს მაქსიმალური სასესხო განაკვეთისა და საკომისიო გადასახადის ოდენობა.

 5.    გარემოს დაცვა

არ ხდება საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების დროს, რაც პირდაპირპროპორციულია გარემოსდაცვითი პრობლემების გამრავლებისა. გარემოსდაცვითი კანონმდებლობა შეიცავს გადამწყვეტი მნიშვნელობის ხარვეზებს. ჩვენ ვითხოვთ გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონვენციების მიხედვით საქართველოს გარემოსდაცვითი სისტემის გამართვას. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მოგვაჩნია:

  • პირველ რიგში, კანონის წინაშე პასუხის აგოს ყველა გარემოს დამაბინძურებელმა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევმა საწარმომ.
  • მდგრადი განვითარების პირინციპების გათვალისწინებით, მოხდეს ეკოლოგიური სტრატეგიების მოთხოვნების გამკაცრება და დახვეწა.
  • სანებართვო პირობების გაღრმავება და მკაცრი კონტროლი.
  • დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის წესის გამკაცრება.
  • საქმიანობის განმხორციელების მომთხოვნი კომპანიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შედგენის პროცესში სახელმწიფოს მიერ დანიშნული/რეკომენდირებული დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა.
  • საზოგადოების ეფექტური ჩართვისთვის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ფორმირების, მისი ნებისმიერი ცვლილებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებლად მიგვაჩნია ორჰუსის კონვენციის დებულებების მკაცრად დაცვა და ინფორმაციის გავრცელება არა მარტო ბეჭდვით და სოციალური მედიაში, არამედ ინფორმაციის დამატებით ტელე და რადიო მედიით გავრცელების ვალდებულება. დღეისთვის, გზშ დოკუმენტის საჯარო განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მისი ფორმირების პირველ ეტაპზე ხდება, რაც პროცესის არადემოკრატიულად წარმართვის საშიშროებას ქმნის, როგორც განვლილმა პერიოდმა ცხადყო, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ჩართულობა, ანუ ეკოლოგიური ექსპერტიზის წარმოების პროცესში.
  • სასწრაფოდ მოხდეს წიაღთსარგებლობის ლიცენზიების არსებული წესით გაცემის ცვლილება, და წიაღისეულის მოპოვების პროცესი ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობების სიას დაემატოს.
  • მომთხოვნის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის წარდგენისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდეს საზოგადოების გაფრთხილება და ჩართვა.
  • ლიცენზიის მფლობელის მიერ მისი სხვა პირზე გადაცემა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ხელახლა შექმნას.
  • ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევთ ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორის ცვლილებას და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მის მომართვას მდგრადი განვითარების პრინციპებზე; სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რესურსების მომპოვებელი საწარმოების ნაციონალიზაციას და მონოპოლისტი კომპანიებისათვის, ამ რესურსების მოპოვებაზე ლიცენზირების შეჩერებას. ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩართვას.
  • ასევე, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში გატარებული პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად“ არა ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული რესურსების მაქსიმალური ათვისების დასახვა, არამედ მისი ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წარმართვაა საჭირო; ამისათვის კი აუცილებელია ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რაც დღემდე არ მომხდარა. ამ უკანასკნელის ფორმირებაში კი, ჩვენი აზრით, საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების გარდა, ადამიანის, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ორგანიზაციებიც უნდა იყვნენ ჩართულნი.
  • ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტით ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის მინიმალური ფართობი აღიარებულია 10– 15 კვ.მ და ეს ელემენტარული ნორმა საქართველოში ფეხქვეშ არის გათელილი, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუქმდეს ე.წ.  ზონალური შეთანხმება და დადგინდეს სარეკრეაციო ზონების მკაცრი საზღვრები, სადაც აიკრძალება ყოველგვარი მშენებლობა. შეჩერდეს ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტი სარეკრეაციო ზონების ტერიტორიაზე.

6.    კულტურული მემკვიდრეობა

ძეგლთა დაცვითი მიმართულებით საქართველოს ტერიტორიაზე უმძიმესი სიტუაციაა. ძეგლების დიდი ნაწილი ეწირება „სახელმწიფო ეკონომიკურ ინტერესებს”, რაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია; მის მორჩილებაში მყოფი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ლოიალური დამოკიდებულება ინვესტორთა მიმართ, უდიდეს ზარალს აყენებს ქართულ ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლებს, უამრავმა ძეგლმა დაკარგა ავთენთენტურობა და განადგურების პირას მივიდა. ასევე, სახელმწიფოსა და სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის შეუთანხმებელი და უკანონო ქმედებების გამო, ძეგლების რესტავრაცია მიმდინაროეობს ყოველგვარი შესწავლისა და სამეცნიერო სტანდარტების გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, სამინისტრო სავსეა არაკვალიფიციური კადრებით, უმეტესობა მოხელეებისა არ არის დარგის სპეციალისტი, რაც მათ ზერელე დამოკიდებულებაშიც ნათლად აისახება.  რაც მთავარია, ძეგლთა დაცვითი კანონმდებლობა  გაუმართავია.

საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციებისა და სამეცნიერო კვლევების გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

  • ძეგლთა დაცვით სფეროში, მდგრადი განვითარების პრინციპებზე აგებული სტრატეგიის შემუშავებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო იურისტები, როგორც დღეს ხდება, არამედ დარგის სპეციალისტები.
  • შემუშავდეს ძეგლთა დაცვითი მკაცრი კანონმდებლობა, მოხდეს ამ უკანასკნელის დაბალანსება, ვინაიდან დღევანდელი კანონმდებლობით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის უფლებამოსილება გადაჭარბებულად არის გაზრდილი.
  • დასახვეწი, გასამკაცრებელი და დასაკონკრეტებელია მიწის სამუშაოების წარმოების წესები.
  • მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საყდრის-ყაჩაღიანის სამთო-არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს, კანონდარღვევით მოხსნილი კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
  • აუცილებლად მიგვაჩნია ძეგლთა დაცვისა და კულტურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის უწყებათშორისი კავშირების დამყარება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის პროეცესებში კულტურის სამინისტროს პირდაპირი ჩართულობა.
  • ასევე, მოხდეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ სარეკომენდაციო ექსპერტების შერჩევის წესის ჩამოყალიბება და გამკაცრება, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
  • აღინუსხოს საქართველოს (კონტროლირებად და ოკუპირებულ რეგიონეში) და უცხო ქვეყნების არეალში მოქცეული არსებული უძრავი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები (მატერიალური, არამატერიალური) და აღიარებულ იქნას ეროვნული მნიშვნელობის თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების კონტექსტში.
  • საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლის მიმართულებით, აუცილებელი კულტურის სამინისტროს გაფართოება საგანმანათლებლო მიმართულებით.

 7.    გენდერული დემოკრატია

საქართველოში მძიმეა ქალთა მდგომარეობაც.

საზოგადოების ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის რიგ წარმომადგენლებს

მუდმივი შრომითი დისკრიმინაციის, ძალადობისა და შიშის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ფესვგადგმული სექსისტური სტერეოტიპების გავლენით,

ქალები, ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის სრულყოფილად მიღებას, მათ არ გააჩნიათ ადეკვატური სახელისუფლებო ბერკეტები საკუთარი ინტერესების წარმოსაჩენად.

აქედან გამომდინარე, „მწვანე მუშტი“ მოითხოვს გენდერული დემოკრატიის

დამკვიდრების ხელშემწყობი სახელმწიფო სტრატეგიის დაუყოვნებლივ

შემუშავებას.

 

*  *  *

ყველაფერი ჩამოთვლილი, ზოგ შემთხვევაში, არის სათავე საზოგადოებაში არაჯანსაღი ტენდენციების, რომლებიც ჩაგრული ადამიანთა ჯგუფის მიერ გამოიხატება ამ ჩაგვრაზე პასუხისმგებელი განტევების ვაცის ძიებაში, რომლის ინსპირატორი ისევ და ისევ ძალაუფლებისა და დოვლათის მფლობელი ე.წ. “ელიტაა” ხოლო მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული განსხვავებული მახასიათებლის მატარებელი დაუცველი ჯგუფი; ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართული საზოგადოება გამოიჩენს გონიერებას, გადალახავს საუკუნოვანი ჩაგვრით გამოწვეულ ტრავმის შედეგებს, ამ პროვოკაციას არ აჰყვება, გაერთიანდება განუხრელად ეროვნული, რელიგიური, სექსუალური და სხვა კუთვნილებისა და სამართლიანად იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

 

*  *  *

ჩვენ, სტუდენტები, ვეწინააღმდეგებით საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას. ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციას, საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, მიუხედავად მისი სოციალური თუ სხვა სახის კუთვნილებისა და რომ ადამიანს გააჩნია უფლება, თავისუფლად სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, ისე, რომ საზოგადოებას დროულად მიეწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ და თავისუფალ გარემოში.

ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, არ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა გადავულოცოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ამიტომაც, ვიყენებთ არსებულ სოციალურად აქტიურ საზოგადოებრივ ფრონტს და მოგიწოდებთ ყველას, ჩაერთოთ სამართლიანი, თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობაში.

 

გახსოვდეთ, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!

 

„მწვანე მუშტი“

 

Advertisements

2 thoughts on ““მწვანე მუშტის” მანიფესტი

  1. ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ეხმიანება მანიფესტს და გთავაზობთ კონკრეტული საკითხების დეტალურ განხილვას იმისთვის, რომ არსებული გაუგებრობა დროულად იქნას გარკვეული. იხილეთ კომენტარი და პასუხი შემდეგ ბმულზე:
    http://goo.gl/mZfxaI

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s